სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების
ისმინე, სწავლის მძებნელო! მოყევ დავითის მცნებასა,ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი,თუ ეძებ გემოვნებასა.

სიახლეები


     2015 წლის ივლისში გაუწყინარის საჯარო სკოლის შენობის რემონტი დაიწყო. მშენებელი ორგანიზაცია ხონიდანაა (შპს „რომა“). მისმა ტყვირელმა მუშებმა შენობის ირგვლივ ბეტონი (სარინელი) დაასხეს  და მას ქვები შემოაწყვეს; თბილისიდან ჩამოსულმა მუშებმა კი შენობის უკანა მხარეს მეტალოპლასტმასის ფანჯრები ჩასვეს (წინა მხარეს 2 წლის წინ ჩასვეს მსგავსი ფანჯრები). შემდეგ იმავე ხელოსნებმა და მათმა ადგილობრივმა დამხმარეებმა სკოლის შენობას ძველი შიფერის სახურავი გადახადეს, ხის კონსტრუქციებიც მთლიანად მოხსნეს და ახალი მოაწყვეს, რომელზედაც ლითონის ბრჭყვიალა თეთრი თუნუქის ტალღოვანი ფურცლები დააჭედეს, მასზე ორ ადგილას ასასვლელები დაუტანეს.


2015 წელი, აგვისტო










     სექტემბრის დასაწყისში გაუწყინარის სკოლის სარემონტო სამუშაოები დამთავრდა, რის შედეგადაც მთლიანად შეიცვალა შენობის შიფერის სახურავი თავისი ხის მასალითა და დაიხურა ტალღოვანი თუნუქით, ასევე თავიდან გააკეთეს უკანა და გვერდითა ოთხი კიბე, ექვსი ალუმინისა და ხის გარეთა კარი, ჩასვეს უკანა ხედის მეტალოპლასტმასის ფანჯრები და შენობის ირგვლივ დაასხეს სარინელი, ბეტონის ბილიკი. გარდა ამისა სკოლის შიგნით თვითონ მასწავლებლებმა ჩაატარეს მცირე კოსმეტიკური რემონტი, შეღებეს ჭერი, კედლები, იატაკი, დამლაგებლების დახმარებით გაწმინდეს და დაალაგეს ოთახები, დერეფნები, სათავსოები და 14 სექტემბერს მოწესრიგებულად შევხვდით ახალი სასწავლო წლის დაწყებას.






2015 წელი, სექტემბერი



     გაუწყინარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მოაწყვეს სოფლის ქუჩების დასუფთავების ღონისძიება.




     დღეს გაუწყინარის საჯარო სკოლაში გაიმართა 1921 წლის 25 თებერვლისადმი მიძღვნილი ღონისძიება, კლასებს ჩაუტარდათ ამ დღის შესახებ სადამრიგებლო საათები,  დილით 9 საათზე წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ დაღუპულთა სხდომას, პირველი გაკვეთილი დაეთმო 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენების შესახებ საუბარს და თანამედროვე ანალოგიურ პრობლემებს, სკოლაში მოეწყო შესაბამისი სტენდი, დავუშვით სახელმწიფო დროშა.

2016 წლის 25 თებერვალი

2016 წელი, 25 თებერვალი





     დღეს გაუწყინარის საჯარო სკოლაში აღინიშნა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, მოსწავლეებს ესაუბრეს მის შესახებ, მოეწყო შესაბამისი ღონისძიება.


2016 წელი, 21 მარტი



     2016 წლის 31 მარტს  გაუწყინარის საჯარო სკოლაში გაიმართა ზვიად გამსახურდიას დაბადების 77 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეებმა მოამზადეს შესაბამისი თემები, ისაუბრეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ, გაიხსენეს მისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი დეტალები, მოაწყვეს სტენდი.





  2016 წლის 9 აპრილს გაუწყინარის სკოლაში მოეწყო ღონისძიება სახელწოდებით: „აღარ მიყვარხარ აპრილო, სისხლიანი გაქვს კალთაო“. მოსწავლეებს ესაუბრეს 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.









    2016 წლის 15 აპრილს გაუწყინარის საჯარო სკოლის შენობაში განთავსებულ პირველი მაისის ბიბლიოთეკაში გაიმართა ბიბლიოთეკის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიება „უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა“, მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები, წაიკითხეს შესაბამისი სტატია, მათ სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ნინო მეგენეიშვილმა.







     იხილეთ ვიდეოჩანაწერი (II ნაწილი)


     2016 წლის 21 აპრილს აბაშის მუნიციპალიტეტი აქციაში ჩაერთო, რომლის სახელწოდებაა: „გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე“. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით აბაშას მ. იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებული სისხლის ბანკის თანამშრომლები ეწვივნენ.  მსგავსად სხვა სკოლების და ორგანიზაციებისა, გაუწყინარის საჯარო სკოლის პედაგოგებმაც უანგაროდ სისხლი გაიღეს ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად.

 





         9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა!
         მიუხედავად იმის, რომ ბოლო წლებში მრავალი ისტორიული ფაქტი გადაფასდა, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეხებოდა, ეს დღე მუდამ დარჩება უაღრესად მნიშვნელოვნად არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ცხოვრებაში. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილენი, რომლებიც მართლაც რომ თითებზე ჩამოსათვლელი დაგვრჩა სოფელში...


       14 მაისს გაუწყინარში, სკოლის გვერდით თამარ მეფის სახელობის ტაძარი გაიხსნა, სადაც გამართულ საზეიმო ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა, იხილეთ ბმული

  გაუწყინარის სკოლაში 25 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, მოეწყო გამოფენა, მოსწავლეებმა წაიკითხეს შესაბამისი სტატიები, ლექსები, მასწავლებლებმა ესაუბრეს ამ დღის შესახებ...


     2016 წლის 15 სექტემბერს დაიწყო 2016-2017 სასწავლო წელი. ოქტომბრის თვეში სკოლის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ადრინდელი გადახურვითი სამუშაოების შედეგად დარჩენილი  ეკონომიის თანხით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „შპს დ/ხ კომპანი“ დაიწყო საპირფარეშოების გარემონტება, წყლის პრობლემის მოგვარება და ელექტროგაყვანილობის გამოცვლა. სამუშაოებს ადგილობრივი მუშებიც ასრულებენ.


      წლის ბოლოს სამუშაოები დასრულდა, რის შედეგადაც მთლიანად გამოიცვალა ელექტროგაყვანილობა, ყველა ოთახში დამონტაჟდა განათება, გარემონტდა ეზოში მდგარი მოსწავლეებისა და მასწავლებლების საპირფარეშოები და აღდგა შენობის მეორე სართულზე მყოფი საპირფარეშოებიც. წინა ეზოში, ძველი ჭაბურღილის ახლოს გაიბურღა ახალი, 32 მეტრი სიღრმის არტეზიული ჭა, მასზე დადგეს ხელისა და ელექტროტუმბოები, საიდანაც წყალი პლასტმასის მიწისქვეშა მილებით ჯერ შენობის გვერდით მდგარ ახალ ავზში ჩაედინება, ხოლო იქედან კი მეორე, ტვინიანი ელექტროტუმბოს საშუალებით ყველა საპირფარეშოსა და შენობის პირველ სართულზე მოწყობილ სველი წერტილის ოთახს მიეწოდება.


     29 დეკემბერს სკოლაში საახალწლო არდადეგების გამო I სემესტრი დასრულდა. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა მუსიკის ოთახში საზეიმო ღონისძიება მოაწყვეს, შემდეგ კი არდადეგებზე წავიდნენ.

   დღეს გაუწყინარის ცანტრში მოეწყო დასუფთავების აქცია, რომელშიც სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ. ასევე სკოლის ეზოში დარგეს მწვანე ნარგავებიც.





2017 წელი, 1 აპრილი



     14 აპრილი ქართული ენის დღეა







      2017 წლის 19 მაისს აბაშაში, სპორტის განვითარების ცენტრის მიერ გაიმართა სკოლებს შორის შეჯიბრი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გაუწყინარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: თემურ ჭიქაშუამ, ლუკა მანჯავიძემ, ლუკა ხაბეიშვილმა, ემზარ ქუთათელაძემ და გიორგი მახაჭაძემ. მათგან გამორჩეულად იასპარეზა ლუკა ხაბეიშვილმა, რომელმაც პირველ რაუნდში დაამარცხა მეტოქე და ასახელა მშობლიური სკოლა.

აბაშის სპორტდარბაზში

გადამწყვეტი მომენტი


ლუკა ხაბეიშვილი გამარჯვებულია!



 იხილეთ ვიდეო: 1)
   
                                  2)
                                 
                                 


     2017 წლის ზაფხულში გაუწყინარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, წყნეთის, მანავის, კაჭრეთისა და ანაკლიის ბანაკებში წაიყვანეს დასასვენებლად, რომელიც სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა.  ისინი იქ ჩართულები იყვნენ სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში. კაჭრეთის კინოხელოვნების ბანაკში ბანაკში გადაიღეს ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ჩვენი სკოლის მოსწავლე ლუკა ხაბეიშვილი ასრულებს.




ახალი, 2017-2018 სასწავლო წელი

     15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს 9 პირველკლასელმა შეაღო გაუწყინარის სკოლის კარი.


     დღეს გაუწყინარის სკოლაში და საბავშვო ბაღში საინიციატივო ჯგუფის მიერ მოეწყო ეზოების მარადმწვანე ნერგებით განაშენიანება, რომელშიც ჩაერთვნენ სკოლისა და ბაღის მოსწავლეები, აღსაზრდელები, მასწავლებლები, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კუკური ლასარეიშვილი, გამგეობის თანამშრომლები და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მერაბ მიგინეიშვილი. იმავე დღესვე ავტომანქანების კოლონით ჩამოიარეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა. მათ სკოლა და საბავშვო ბაღიც მოინახულეს და იქ მყოფთ გაესაუბრეს. მათ შორის იყო აბაშის მერობის კანდიდატი ლევან მაკალათია.

შეხვედრა მოსწავლეებთან


ნაძვის ნერგების დარგვა

რესურსცენტრის უფროსი

2017 წელი, 19 ოქტომბერი



      გაუწყინარის საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში ჩატარდა კონკურსი „მე შემიძლია კითხვა!“  მოსწავლეები დაჯილდოვდნენ I, II და III ხარისხის სიგელებით.



20 ნოემბერი, 2017 წელი

    გაუწყინარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება „ნახვამდის შემოდგომავ“! 



22 ნოემბერი, 2017 წელი


     დღეს საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული, რაც დაკავშირებულია 25 ნოემბერს, ბათუმის სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული 11 ადამიანის ხსოვნასთან; არიან დაშავებულებიც. აგრეთვე 22 ნოემბერს დედაქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაიცვალა 1 სპეცრაზმელი და დაიჭრა რამოდენიმე. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით  მთელი ქვეყნის მასშტაბით გადადებულია საზეიმო და გასართობი ღონისძიებები, დაშვებულია სახელმწიფო დროშები. 




   გაუწყინარის სკოლაში დაშვებულ დროშასთან შეიკრიბნენ მოსწავლეები, რომლებსაც დირექტორმა ნინო მეგენეიშვილმა ესაუბრა აღნიშნული ტრაგედიების შესახებ.

27 ნოემბერი, 2017 წელი







     დღეს გაუწყინარის საჯარო სკოლის VII კლასში მოეწყო გასვლითი გაკვეთილი ბუნებაში.



2 მარტი, 2018 წელი

     9 მაისს გაუწყინარის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები პირველი მაისის სასაფლაოზე შიმოუსვლელთა მემორიალთან და ასევე სამტრედიაში დედის ძეგლთან შეიკრიბნენ, სადაც მათ გაიხსენეს ჩვენი სამშობლოს წარსული გმირები და ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე.     




9 მაისი 2018 წელი



    გაუწყინარის სკოლამ მონაწილეობა მიიღო „საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ვიდეორგოლის „ჩვენ უარს ვამბობთ იარაღზე და ბულინგზე“ კონკურსში. ჩვენი მოსწავლის ლუკა ხაბეიშვილის მთავარ როლში მონაწილეობით გადაღებულმა ვიდეორგოლმა, სენაკში გამართულ კონკურსი სიგელი დაიმსახურა.


ლუკა ხებეიშვილი




16 მაისი, 2018 წელი




     პირველი კლასისათვის სასწავლო წელი დამთავრდა, ამასთან დაკავშირებით გაუწყინარის სკოლის პირველ კლასში ჩატარდა ღია კარის დღე, მოსწავლეებმა თავისი სწავლების პირველი წლის შედეგები წარმოადგინეს.






25 მაისი, 2018 წელი




     2018 წლის 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავია, გაუწყინარის საჯარო სკოლაში ჩატარდა ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება:  „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმებს წყარო ანკარა“. სკოლის დირექტორმა ნ. მეგენეიშვილმა, ისტორიის მასწავლებელმა ე. ვერულაშვილმა, ბიბლიოთეკარმა ი. ვეფხვაძემ მოსწავლეებს ესაუბრნენ ამ დღის შესახებ, მის წარსულსა და დღევანდელობაზე.



26 მაისი, 2018 წელი


ამიერდან სიახლეების ნახვა შეგიძლიათ გაუწყინარის სკოლის ფეისბუქ გვერდზე

No comments:

Post a Comment