სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების
ისმინე, სწავლის მძებნელო! მოყევ დავითის მცნებასა,ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი,თუ ეძებ გემოვნებასა.

ისტორია

ჩ ვ ე ნ ი   ს კ ო ლ ი ს   ი ს ტ ო რ ი ა

      ოგორც ირკვევა ჩვენს სოფელში ძველ დროშიც ყოფილა ბავშვებისათვის სწავლა - განათლების მიღების ტრადიციული ფორმა - სკოლა, რომელიც მდებარეობდა დღვანდელი სკოლის შენობის ჩრდილო - აღმოსავლეთ მხარეს, რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, ყოფილი კოლმეურნეობის კანტორის ეზოში. ის სკოლა ოთხწლიანი იყო და მას „ქართველთა შორის წერა - კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ ეხმარებოდა ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით. ამ და თანამედროვე სკოლის ადგილას ადრე თავისუფალი ტერიტორიები იყო, სადაც ზოგჯერ ფეხბურთს თამაშობდნენ. იქ წვიმის დროს წყალი დგებოდა და გარეული ფრინველები ჯდებოდნენ.
    დაახლოებით 1930  წელს ამ ტერიტორიაზე ახლადშექმნილი კოლმეურნეობის ობიექტები განთავსდა, ის სკოლა დაშალეს და სავარაუდოდ, დროებით 1 წლის განმავლობაში სოფლის ერთ - ერთი მაცხოვრებლის სახლში განათავსეს. მის მაგივრად ახალი ხის სკოლა ააშენეს თანამედროვე სკოლის  უკანა  მხარეს, იქ სადაც ამჟამად კალათბურთის მოედანია, 2 ძირი პალმის უკან. ის ძველ სკოლასთან შედარებით უფრო დიდი და სრულყოფილი იყო.   სხვა წერილობითი (სკოლის პასპორტი და ბრძანების წიგნები) წყაროები ამ სკოლის აგების თარიღად 1910 წელს ასახელებს, მაგრამ რომელია ამათგან სწორი, დღეს ამის თქმა ძნელია. მის ასაგებად გამოიყენეს ამავე პერიოდში კომუნისტურ - ათეისტური რეჟიმის მიერ გაუწყინარის სასაფლაოზე დანგრეული ხის ეკლესიის მასალა, ამ სკოლაში დაკიდეს ამავე ეკლესიის ზარები, ხოლო ტაძრის იატაკის გათლილი ქვები სკოლის სავალ ბილიკებად გამოიყენეს, რომლებიც დაგებული იყო ჭიშკრიდან სკოლამდე და სხვაგანაც. ამავე გათლილი ქვებით იყო აგებული სკოლის ბურჯებიც (ბოკნებიც), რომლებზეც ის შენობა იდგა და მათი სიმაღლე დაახლოებით 1,4 მ. იყო. ამ ქვების ნაწილი შემდეგ ახალი სკოლის ფუნდამენტშიც (საძირკველშიც) ჩააყოლეს, ნაწილი კი ეზოში და მის გარეთაც გაიფანტა. ეს სკოლაც ოთხწლიანი იყო და მას მთავარი და ასევე სკოლის უკანა სამანქანო გზების პარალელური მდებარეობა ეკავა.
      დაახლოებით 1946  წელს ამ სკოლას ჩრდილო - აღმოსავლეთ მხარეს, აღნიშნული გზების მართობული მიმართულებით, წინ მოხვეული მდებარეობით კიდევ მიუშენეს შედარებით მცირე ზომის შენობა, რომლის ოთახების ხარჯზეც სკოლას კიდევ მოემატა რამოდენიმე ოთახი და ის 7 წლიანად გადააკეთეს. ამ მინაშენის მასალად გამოიყენეს აბაშის რაიონის მაშინდელი სოფელ კადარის (დღეს უკვე ნასოფლარია ძველი აბაშის თემში) მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, რომელთა პატრონებიც სხვა თანასოფლელებთან ერთად ლავრენტი ბერიას ინიციატივით, ქვეყნის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ერთ ღამეში აასახლეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში ჩაასახლეს იქ ქართველთა დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით. დრანდაში ციხიდან 1 კილომეტრის დაშორებით არის მათი დასახლება, რომელსაც ის ხალხი მშობლიური რაიონის სახელის უკვდავსაყოფად „სააბაშოს“ ეძახის. ეს მასალა ჩვენს სოფელში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ურმებით შემოზიდეს. სკოლაში მოსწავლეთა ძირითად კონტიგენტს შეადგენდნენ გაუწყინარში, ქვიშანჭალაში და ნაწილობრივ პირველ მაისში (გრიგოლიების ქუჩის) მცხოვრები ბავშვები. ამ სკოლაში ქართულის პირველი გაკვეთილი ჩაატარა ცნობილმა ქართველმა მოღვაწემ გრიგოლ აბაშიძემ, ქვემოთ მოცემულ ფოტოსურათზე სწორედ იმდროინდელი სკოლაა გამოსახული.
1946 წელს (ასევე სხვა ცნობის მიხედვით 1934 წელს) იმ სკოლის აღმოსავლეთის მხარის ერთ - ერთი ოთახი შუაზე გადაკედლეს და ამის ხარჯზე სკოლა 8 წლიანი გახდა, მას სახელად გაუწყინარის რვაწლიანი სკოლა უწოდეს, მანამდე კი მას გაუწყინარის არასრულ საშუალო სკოლად მოიხსენიებდნენ. იქ სამასწავლებლო და დირექტორის კაბინეტი სამხრეთ - დასავლეთის მხარის ბოლოს, ერთმანეთის გვერდიგვერდ იყო განლაგებული. შენობაში ყველა ოთახი ცალ, უკანა მხარეს იყო გარდა დირექტორის კაბინეტისა და მათ წინ ღია დერეფანი მდებარეობდა, რომელზეც შუა ადგილას, წინა მხრიდნ რამოდენიმეთვლიანი კიბე იყო მიდგმული. დერეფანში გაკრული იყო წარჩინებულ მოსწავლეთა სტენდი, ლოზუნგი, კედლის გაზეთი და საინფორმაციო კუთხე. სკოლის შენობა დაახლოებით 60 - იან წლებამდე კრამიტით იყო დახურული, ამის შემდეგ კი მას შიფერი დაახურეს. ეს სკოლა 1981 წლის ზაფხულში გაარემონტეს. ის ბუხრებით, მოგვიანებით შეშის ღუმელებითაც თბებოდა; იქვე იყო პიონერთა ოთახი თავისი აღჭურვილობით. ეზოში ფუნქციონირებდა ბუფეტი, რომელშიც გამყიდველად მაყვალა ქუნთელია, შემდეგ კი ნანი გახოკიძე მუშაობდა. იქ თითქმის ყოველდღე შესაფერისი მანქანით მოჰქონდათ პურები, ფუნთუშები (ბულკები), „კორჟიკები“,  კანფეტები, ლიმონათები და სხვა ტკბილეული. ახალი  სკოლის ბუფეტში, სადაც სასადილო ოთახიც იყო, დღევანდელ შეშის დასაყრელ ოთახში, წვნიან კერძებსაც ამზადებდნენ; იქ ჰქონდათ დიდი მაცივარი, რომელიც დღეს შენახულია და გაზქურა. ასევე ძველი სკოლის ეზოში იყო ღია სპორტული მოედანი, სახელოსნო, ბეღელი და სხვა ობიექტები. გარდა ამისა აქ 60 - იან წლებში გაბურღეს მაღალი ხარისხის, 300 მეტრი სიღრმის არტეზიული ჭა, რომელიც დღესაც მწყობრშია და ის ყველაზე ღრმაა მთელს სოფელში; მისი წყლით ადრე მოსახლეობაც სარგებლობდა. ამ ადგილის მახლობლად იყო სკოლის ეზოში ჩასასვლელი კარები. უკანა ეზოში ჰქონდათ შემოღობილი სასკოლო ნაკვეთი, სადაც ბავშვები შრომის გაკვეთილზე შრომობდნენ; გამწვანებული იყო ეზოც, სადაც ხარობდა პალმები, ჭადრები (მათი ნაწილი დღესაც არის), ბუჩქები და სხვა მცენარეები.
1966 წლის ივნისში ჩვენს მშობლიურ სოფელ გაუწყინარში ელექტროდენი ჩაირთო და განათებულ იქნა სკოლაც, რამაც მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი მის შემდგომ განვითარებას.
იმ ძველ სკოლაშიც აქტიურად მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი, ეწყობოდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები: კლასიდან მოსწავლეებს იღებდნენ ოქტომბრელთა, IVკლასიდან პიონერულ, VIII კლასიდან კი კომკავშირულ ორგანიზაციებში. სკოლაში პიონერხელმძღვანელები იყვნენ მერი გოგიშვილი, ლალი ანაკიძე, ბოლოს ახალ სკოლაში მედეა ხუბუა. არსებობდა პიონერთა რაზმეული. ოქტომბრელ ბავშვებს მკერდზე ეკეთათ ლითონისაგან დამზადებული წითელი ხუთქიმიანი ვარსკვლავი („ბროშკა“), რომლის ცენტრში ვლადიმერ ლენინის, ულიანოვის ბავშვობის სახის სურათი იყო  ჩასმული; პიონერთა სიმბოლო კი წითელი სამკუთხა ყელსახვევი იქცა. ერთხანს მათაც ჰქონდათ სამკერდე ნიშანი - ხუთქიმიან ვარსკვლავში (რომელსაც ზემოთ სამწვერიანი ალი ასდიოდა)  ჩახატული ლენინის სახე გვედრიდან. კომკავშირელებს ასევე მკერდზე ეკეთათ ლითონის პატარა დროშის ნიშანი ლენინის გვერდითა ხედში გამოსახული სახით.  მოსწავლეებს სკოლის ფორმა ეცვათ: ბიჭებს მუქი ლურჯი ფერის  შარვალ - კოსტიუმი (კოსტიუმს ხშირად მარცხენა მკლავზე თეთრი ნიშანი ჰქონდა) თეთრი პერანგით („საროჩკით“); მათ დიდი თმის ტარების უფლებას არ აძლევდნენ. გოგონებს შავი კაბა და თეთრი ზედა ემოსათ, თმებზე კი თეთრი ბაფთა, ბანტი ეკეთათ. სკოლაში ეწყობოდა ექსკურსიები სხვადასხვა სახის ღირსშესანიშნაობების, ისტორიული ძეგლების, მუზეუმების, გამოჩენილ მოღვაწეთა სახლ-მუზეუმების, კულტურული ობიექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკურ მიღწევათა დასათვალიერებლად. მოსწავლეები ხელმღძვანელებთან ერთად გამოსცემდნენ კედლის გაზეთებს, მონაწილეობდნენ ტურებში, სპორტულ და გონებრივ შეჯიბრებებში, სხვადასხვა თარიღებთან დაკავშირებულ აღლუმებში („პარადებში“, 1 მაისს მშრემელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს, 7 ნოემბერს დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების დღეს, საამისოდ ბავშვებს ფიზკულტურის მასწავლებელი დავით (დათიკო) ჯალაღონია ამზადებდა ქუჩაში მწყობრად სიარულში), კარნავალ - ზეიმებსა და სხვა ღონისძიებებში. მოსწავლეები აგროვებდნენ მაკულატურას, ეკალას, ჯართსა და თუთის ფოთლებს აბრეშუმის გამოსაკვებად, რომელიც მაშინ სკოლასა და მოსწავლეთა მშობლებს ეჯდათ. სკოლაში ბავშვები იწერდნენ ჟურნალ - გაზეთებს: „დილა“,  „პიონერი“  (პიონერული ორგანიზაციის დაშლის შემდეგ „ნაკადული“), „ნორჩი ლენინელი“, „მეცნიერება და ტექნიკა“ და სხვა.
ჩვენთან 60 - იან წლებამდე საწერად კალამი (ე. წ. „პერო“,  რომელსაც კალმისტარი ჰქონდა) და მელანი გამოიყენებოდა. ლითონის კალამის ჩაჭრილ წვეროს ხშირად ასველებდნენ სამელნეში ჩასხმული მელნით. შემდეგ ეს კალმები გაუმჯობესდა, მათ რეზინის ცალმხრივად დახშული მილი ჰქონდათ, რომელიც მასზე ხელის მოჭერისა და შემდგომი გაშვებით მელანი შეიწოვებოდა და ის წერის დროს თანდათან ქვემოთ, კალმის სპეციალური წვერისკენ თვითდინებით ჩამოედინებოდა, ამის გამო მისი დასველება სამელნეში მელნით საჭირო არ იყო. 70 - იანი წლების შემდგეგ კი პირველი ავტოკალმებიც („პასტები“) გამოჩნდა, თუმცა მათი ინტენსიური გამოყენება სკოლებში მხოლოდ 10 წლის შემდეგ, 80 - იანი წლების შემდეგ დაიწყეს. ავტოკალამი უნგრელმა მსახიობმა და ჟურნალისტმა ლასლო ბინომ გამოიგონა 1930 წელს, მისი წარმოება 1940 წლიდან არგენტინაში, ბუენოს - არიესში დაიწყო.
სკოლაში სულ ადრე სწავლა მცირე ხანს ფასიანი იყო, შემდეგ გადასახადი გააუქმეს. სასკოლო სახელმძღვანელოებსაც მოსწავლეებს სასწავლო წლის დასაწყისში უფასოდ ურიგებდნენ, რომელთაც წლის ბოლოს ისევ სკოლა დაიბრუნებდა და მათ მომავალში სხვა მოსწავლეებს გადასცემდა. ზოგჯერ ეწყობოდა კომუნისტური შაბათობები (უფრო სწორდ ეს კვირას ხდებოდა, ვინაიდან მაშინ შაბათს სწავლა იყო), რომლის დროსაც ბავშვები და მასწავლებლები სკოლის ეზოს ალაგებდნენ, რგავდნენ ნერგებს, აწესრიგებდნენ შენობასაც. გასაკვირი არ არის რომ იმ დროს სასკოლო ცხოვრებას, ისევე როგორც ყველა სფეროს საბჭოთა - რუსული იდეოლოგიის კვალი ეტყობოდა.


სკოლის ძველი შენობა

ჩვენი სკოლის სხვადასხვა დროის დირექტორებისა და მათი მოვალეობების შემსრულებლების არასრული სია შემდეგნაირად გამოიყურება: გიორგი ჯანელიძე, გალინა სახოკია, ბიძინა გაბელაია, ბიქტორ ღვაბერიძე (ის გერმანია - საბჭოთა კავშირის ომიდან კაპიტნის ჩინით დაბრუნდა), მიხეილ დონდუა (დირექტორობის წლები 1938 – 1939 წწ. ასწავლიდა ისტორიასაც),  ვ. გიგინეიშვილი (1939 წ.),  გრიგოლ ჯანაშია (1939 – 1940 წწ.), ლუბა მიქაძე (1940 წ. ქიმია, ფიზიკა, გაუწყინარელი), მელქისადეკ, გრიშა რატიანი (1940 – 1941 წწ. ისტორია, გეოგრაფია, გაუწყინარელი), მიხეილ კომახიძე (1941 – 1942 წწ. კუტაიწერელი), ლია შათირიშვილი (1942 – 1943 წწ. რუსული, გერმანული, პირველმაისელი), ანეტა ხაბურზანია (1943  –  1944 წწ. ქართული), ოთარ ჯანელიძე (1944 – 1947 წწ. მათემატიკა, მარნელი), ალექსანდრე კუპრეიშვილი (1947 – 1948 წწ. მათემატიკა), ლილი ქავთარაძე (1948 - 1950 წწ. ქართული, გერმანული, პირველმაისელი), ზინა ცომაია (1948 წ. ისტორია, გეოგრაფია, პირველმაისელი), იგივე ლია შათირიშვილი (1948  – 1950 წწ.),  შოთა, პლატონ ჯანჯღავა (1950 – 1953 წწ. მარნელი), ავთანდილ ფანცულაია (1953 – 1972 წწ. ისტორია, გეგეჭკორის, დღევანდელი მარტვილის რაიონის  სოფელ ბანძიდან, ალალო, ალიკო გრიგოლია (1973 – 1994  წწ. ფიზიკა, მარნელი), ენძელა ვერულაშვილი (1994 – 2004 წწ. ისტორია, პირველმაისელი), ნინო, ნანა მეგენეიშვილი (2004 წლიდან დღემდე, ქართული, გაუწყინარელი). დირექტორები სკოლაში ამა თუ იმ საგანსაც ასწავლიდნენ, მათ ჰყავდათ მოადგილე - სასწავლო ნაწილის გამგე (მაგალითად ალიკოს დროს ენძელა ვერულაშვილი, ენძელასა და ნაწილობრივ ნინოს დირექტორობის დროს - ია მიგინეიშვილი იყო).

ყ ო ფ ი ლ ი   დ ი რ ე ქ ტ ო რ ე ბ ი













































    გავიდა საკმაო დრო და უკვე დაძველებული, ხის პატარა სკოლის ნაცვლად საჭირო გახდა ახალი, თანამედროვე კაპიტალური სკოლა. მისი მშენებლობა დაიწყეს 1987 წელს. მაშინდელი ცხაკაიის (დღევანდელი სენაკის) სამშენებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობითა და ადგილობრივი მუშახელის დახმარებით 1988 წლის სექტემბერში ჩვენმა სოფელმა იზეიმა ახალი, ორსართულიანი, რკინა - ბეტონის ფილებით („სინკარებით“) აგებული და შიფერით გადახურული (მასში ასასვლელებია დატანებული), ელექტროფიცირებული სკოლის შენობის გახსნა, რომელიც ააშენეს ძველი სკოლის წინა მხარეს და დღესაც ეს სკოლა ფუნქციონირებს გაუწყინარში.
       ის ძველი სკოლა კი ახალი სკოლის გახსნის შემდეგ დაშალეს და გაყიდეს. ამავე პერიოდს დაემთხვა რესპუბლიკაში სწავლების 11 წლიანი გეგმის განხორციელება, მანამდე სწავლა საშუალო განათლების მისაღებად 10 სასწავლო წელს გრძელდებოდა, ხოლო ამჟამად ბავშვები VII კლასიდან პირდაპირ IX კლასში გადაიყვანეს VIII კლასის გაუვლელად, ამით განხორციელდა ე. წ. ნახტომი. ახალი სკოლა გახსნისთანავე გადაკეთდა 9 წლიანად და მას ეწოდა „გაუწყინარის არასრული საშუალო სკოლა“. გაუწყინარის  სკოლაში დაახლოებით 1950  წლამდე უცხო ენად გერმანული ისწავლებოდა, შემდეგ კი  2011 წლამდე - ფრანგული; ხოლო ამ დროის შემდეგ დღემდე უცხო ენად ინგლისური ისწავლება.
ამ სკოლაში ადრე ფუნქციონირებდა გარდერობი, რომლშიც მზევინარ ნაჭყებია (კუტაიწრელი) მუშაობდა;  სასკოლო ბიბლიოთეკის გამგე კი იზოლდა (იზო) გრიგოლია იყო. შენობა თბებოდა ქვანახშირზე მომუშავე ცენტრალური გათბობით (რადიატორებით), რომლის საქვაბეს („კაჩიგარიის“) ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი ეზოში, სადაც ადრე ჟანი (ჟანიკო) სურგულაძე და ოთარ ჯანჯღავა მუშაობდნენ. უკანა ეზოში სიმაღლეზე იდგა ამ გათბობის სისტემისათვის საჭირო წყლის ავზიც. სკოლის შენობაში შესასვლელი კიბეების ახლოს მოწყობილი ჰქონდათ პატარა მეტეოროლოგიური მოედანი, სადაც იყო ქარის სიჩქარისა და მიმართულების საზომი ფლუგერი, მეტეოროლოგიური ჯიხური შიგ მოთავსებული ჰაერის ტემპერატურის საზომი თერმომეტრით და სხვა.



ახლადაშენებული სკოლა

სკოლა მიმდებარე ტერიტორიებით


   საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს სკოლაშიც დაიშალა ოქტომბრელთა, პიონერული და კომკავშირული ორგანიზაციები. მათ ნაცვლად ჩამოყალიბდა და ერთხანს არსებობდა ბავშვთა ორგანიზაცია „აისი“. გარკვეული ცვლილებები განიცადა სასწავლო საგნებმა, მათმა შინაარსმა, კერძოდ: უკვე ყოფილი საბჭოთა კავშირის ისტორია, გეოგრაფია და სამართალმცოდნეობა ამოღებულ იქნა სწავლებიდან; ასევე შემოვიდა ზოგიერთი ახალი საგანი, მაგალითად რელიგია, მოხდა სხვა ცვლილებებიც.  გასული საუკუნის 90 - იან წლებში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა სახის ომებმა, არეულობებმა, ასევე მძიმე ეკონომიკურმა კრიზისმა და გართულებულმა კრიმინალურმა მდგომარეობამ ჩვენს სკოლაზეც იქონია უარყოფითი გავლენა. სკოლის წინ ჩამოვარდნილმა ერთ - ერთმა ბომბმა დაამსხვრია მისი მინები, შეწყდა სწავლა, მოიპარეს რამოდენიმე ხელსაწყო, შემცირდა მოსწავლეთა რაოდენობა, გაუარესდა სწავლის ხარისხი, მასწავლებლებისა და ტექპერსონალის (დამლაგებელი, დარაჯი, მეეზოვე) ხელფასები დიდხანს, თვეობით არ გაიცემოდა.
მოგვიანებით გაუწყინარის არასრულ საშუალო სკოლაში განხორციელდა სხვადასხვა სახის ცვლილებები: 2000 – 2004 წლებში აქ ფუნქციონირებდა კერძო, ფასიანი საშუალო სკოლის X – XI კლასები, რომელსაც სახელად „ინტელექტი“ ერქვა. მის შესაქმნელად საჭირო თანხის ნაწილი სოფლის მოსახლეობაში აკრიფეს,  ასევე სხვებიც დაგვეხმარა, მაგრამ შემდეგ მისი შენარჩუნება გარკვეული მიზეზების (მოსწავლეთა მცირე რაოდენობა, გადასახადის არსებობა) გამო ვერ მოხერხდა და სკოლა ისევ 9 წლიანი გახდა. შემდეგ მას დაერქვა „საბაზო სკოლა“, ხოლო 2006 წლიდან  ჩვენი სკოლის  სახელწოდება „გაუწყინარის საჯარო - საბაზო სკოლა“ იყო;  გაფართოვდა მისი ავტონომია და რამდენადმე შეიცვალა მმართველობის ფორმაც.
      90 - იან წლებამდე კვირაში 6 დღეს სწავლობდნენ, კვირას ისვენებდნენ, შემდეგ კი 5 დღიან სწავლებაზე გადავედით, შაბათსა და კვირას დასვენებიის დღეებია. ახალი სასწავლო წელი კომუნისტების დროს 1 სექტემბერს იწყებოდა, დამოუკიდებლობის პერიოდში კი სწავლა უმეტესად 15 სექტემბერს იწყება და ივნისის შუა რიცხვებში წყდება. ადრინდელი სწავლის დონის შეფასების 5 ნიშნიანი სისტემა (მოსწავლეებს ნიშნებს დღიურში უწერდნენ) 10 ქულიანით შეიცვალა. 2011  წელს გაუწყინარის საჯარო - საბაზო სკოლას საჯარო სკოლა დაერქვა და მისი სრული სახელწოდება დღეს ასე გამოითქმის: „სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლა“.

გაუწყინარის სკოლის ძველი დოკუმენტები

























































No comments:

Post a Comment